Friday, 22 April 2011

პროგრამის პრეზენტაცია №7 საჯარო სკოლაში


30 მარტს რუსთავის მე–7 საჯარო სკოლაში მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის " პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდნენ სიქა–ს წარმომადგენლები – პროგრამის კოორდინატორები ქვემო ქართლის რეგიონში. ინფორმაცია სამოქალაქო განათლების პროგრამის შესახებ დიდი ინტერესით მოისმინეს სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა და პროგრამით დაინტერესებულმა აქტიურმა უფროსკლასელმა მოსწავლეებმა. 
პროგრამის ყველა მიმართულება დამსწრე აუდიტორიისათვის საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებული ინტერესი კი სტაჟირებისა და მცირე გრანტების პროგრამამ გამოიწვია. სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ერთად უახლოეს დღეებში სამოქალაქო კლუბის დაფუძნება და აქტიური მუშაობის დაწყება განიზრახეს.

პროგრამის პრეზენტაცია №12 საჯარო სკოლაში

29 მარტს რუსთავის მე–12 საჯარო სკოლაში "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია მოეწყო. მე–12 საჯარო სკოლა ორ სექტორიანია (ქართული და აზერბაიჯანული სექტორი). პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და აქტიური უფროსკლასელი მოსწავლეები. ორივე სექტორის მოსწავლეებმა პროგრამით დიდი დაინტერესება გამოხატეს. შეხვედრისას დაისვა კითხვები სტაჟირების პროგრამის, სხვადასხვა აქტივობებისა და საგრანტო კონკურსების შესახებ. აღნიშნულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დასახეს კონკრეტული ღონისძიებები პროგრამაში აქტიური ჩართვისათვის.

პროგრამის პრეზენტაცია რუსთავის მე-11 საჯარო სკოლაში

23 მარტს რუსთავის მე-11 საჯარო სკოლაში მოეწყო "სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" პრეზენტაცია პროგრამის კოორდინატორების მიერ ქვემო ქართლის რეგიონში.
პრეზენტაციას დაესწრნენ სკოლის უფროსკლასელი აქტიური მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია.
აუდიტორიას მიეწოდა ვრცელი, დეტალური ინფორმაცია პროგრამის მიმართულებებისა და მოსწავლეთა ჩართულობის შესახებ.
მოსწავლეთა ინტერესის ფონზე გადაწყდა უახლოეს მომავალში მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის დაარსება და პროგრამის მიმართულებებში აქტიური ჩართვა

Thursday, 3 March 2011

2 მარტის მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა სიქა-ს ოფისში


2 მარტს სიქა-ს ოფისში ჩატარდა უკვე ტრადიციულად ქცეული საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო კლუბის წევრებთან, რომელსაც 21 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის 5 პედაგოგი. დასაწყისში ინფორმაცია მიეწოდათ სიქა-ს აქციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დედის დღეს  - 3 მარტს მანდილოსნებისთვის ვორკშოპის ჩატარებას ელ.ფოსტის გამოყენებაზე, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. ასევე გაკეთდა განცხადება  სოც.ქსელების ტრენინგების შესახებ, რომელიც ჩატარდება სიქა-ს ოფისში 11-12 მარტს და გაუძღვება PH International-ის საქართველოსწარმომადგენლობაში ინფორმაციისა და სოციალური ქსელების მენეჯერი ნინო ბიგვავა. სამოქალაქო კლუბებს დაევალათ ტრენინგზე დამსწრე მოსწავლეების სიის მოწოდება 1 კვირის ვადაში. ასევე 1 კვირა გაგრძელდა სტაჟირების პროგრამისთვის აპლიკაციების მიღების ვადაც, რომლის დასრულების შემდეგ სიქა უკვე დაუკავშირდება შესაბამის ორგანიზაციებს. მოხდა http://civics.ge/ საიტის პრეზენტაცია, რომელზეც განთავსდება ინფორმაციები საქართველოს მასშტაბით ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობის შესახებ. 
შეხვედრის მთავარი თემა იყო სამოქალაქო კლუბების მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიღება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ანგარიშის მოსმენა. ყველა სკოლას დაურიგდა კლუბის ანგარიშისა და კლუბის სამუშაო გეგმის ფორმები, ელ.ვარიანტებიც დაეგზავნათ ელ.ფოსტით და დაევალათ, რომ უკვე ორშაბათისთვის შევსებული სახით წარმოადგინონ. დისკუსია შედგა, თუ რა სახის სამოქალაქო ღონისძიებების ჩატარება შეუძლიათ კლუბებს და რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს სიქა-მ, რომ ამისათვის განაცხადი დაგეგმილ ღონისძიებებზე მინიმუმ 2 კვირით (ადრე მიწოდებული ფორმის მიხედვით) უნდა გაკეთდეს. ასევე ყურადღება გამახვილდა მეურვის პასუხისმგებლობაზე, რომ სასურველია მეურვე ანუ სამოქალაქო განათლების პედაგოგი საქმის კურსში იყოს, თუ რახდება კლუბის შიგნით და დაეხმაროს მათ მუშაობაში.

Monday, 28 February 2011

23 თებერვლის შეხვედრა


სიქა-ში გრძელდება ყოველკვირიული შეხვედრები სამოქალაქო კლუბების წარმომადგენლებთან. 23 თებერვალს სიქა-ს ოფისში შედგა მორიგი შეხვედრა პროგრამის კოორდინატორებსა და №4 და №22 სკოლის მოსწავლეებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ №22 სკოლაში სულ ერთი კვირაა, რაც შეიქმნა სამოქალაქო კლუბი, მოსწავლეებმა უკვე მოამზადეს საკუთარი წესდება, ორგანიზაციული საკითხებიც მოაგვარეს და მზადყოფნაც გამოთქვეს საგრანტო პროგრამაში ჩართულობის შესახებ.
შეხვედრაზე მოხდა მცირე გრანტების საიტის დათვალიერება.მოსწავლეებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე განიხილეს სამოქალაქო კლუბებში მიმდინარე მუშაობა და ახლო მომავლის გეგმებზეც ისაუბრეს. დაურიგდათ ფორმა „ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიების შესახებ“, რომელიც დაეხმარებათ მათ გაწერონ ყოველი განსახორციელებელი ღონისძიების პროექტი (გეგმა). შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ისტ ტრენინგების საჭიროება ელ-ფოსტასთან მუშაობასთან დაკავშირებით . შეთანხმდნენ, რომ სიქა აუცილებლად დაგეგმავს ტრენინგებს ისტ ტექნოლოგების გამოყენების უნარების გასაუმჯობესებლად ამ სკოლების მოსწავლეებისათვის მომდევნო კვირაში, რის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია აუცილებლად მიეწოდებათ მოსწავლეებს.
შეხვედრას ესწრებოდა ასევე იურისტი იოსებ პირველი, რომელმაც გამოთქვა სამოქალაქო კლუბებთან თანამშრომლობის სურვილი.

Saturday, 26 February 2011

№22 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის სამუშაო შეხვედრა

15 თებერვალს ქ. რუსთავის №22 საჯარო სკოლაში შედგა პროგრამის ფარგლებშჲ დაფუძნებული სამოქალაქო კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის 29 მოსწავლე და მეურვე პედაგოგი. მოსწავლეები გაეცნენ კლუბის მუშაობისთვის საჭირო ძირითად კონცეფციას. გონებრივი იერიშის შედეგად ჩამოყალიბდნენ თუ რა სჭირდება კლუბურ მუშაობას საწყის ეტაპზე. დაგეგმეს შემდეგი სამუშაო შეხვედრა და განრიგი.

№ 21 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი

2011 წლის 14 თებერვალს „სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ ოფისში შედგა №21 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. შეხვედრას ესწრებოდა 16 მონაწილე. კლუბის წევრებმა შეიმუშავეს კლუბის მუშაობისთვის საჭირო ძირითადი კონცეფცია. მოსწავლეებმა ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს კლუბის მმართველი რგოლი, რომელესაც გარკვეული ფუნქცია- მოვალეობები დააკისრეს. . კლუბის წევრები შეთანხმდნენ შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე.